წერილის ტექსტები:
ტექსტი 1
გამარჯობა ჩემო ძვირფასო «ბავშვის სახელი» ! ვწუხვარ, რომ დიდხანს მოგიწია
ჩემთან შესახვედრად ლოდინი და ამასობაში ტკბილად ჩაგძინებია. იმედი მაქვს, რომ გაიღვიძებ და ჩემს წერილს ნახავ, მაპატიებ და არ გამინაწყენდები. როგორ გულიანად მომზადებულხარ ახალი წლისთვის, შენი მორთული ნაძვის ხე და სათამაშოები ულამაზესია! მინდა გითხრა ეს შენი სათამაშო თოვლის ბაბუც ძალიან მგავს, უბრალოდ წელს სულ ცოტათი უფრო დიდი ღიპი მაქვს, რის გამოც ფიფქიამ ტკბილეულის ჭამა ამიკრძალა. საიდუმლოს გაგანდობ, თავი ვერ შევიკავე, როდესაც სუფრაზე ნაირნაირი ტკბილეული დავინახე და ცოტა დავაგემოვნე, უჰ, როგორ გემრიელად ჩავიტკბარუნე პირი! ძალიან გემრიელი შოკოლადები აურჩევია დედიკოს.
ჩემო «ბავშვის სახელი», გიყურებ ახლა და ვამაყობ, რომ ასეთი კარგი, კეთილი და ბეჯითი ხარ. შენი კუთვნილი საჩუქარი ნაძვის ხესთან დაგიტოვე, იმედი მაქვს სწორად შევარჩიე. ჩემო პატარა მეგობარო, გილოცავ დამდეგ 2023 წელს!
გისურვებ მრავალ ბედნიერ, მხიარულ და სიყვარულით სავსე დღეს!
მომავალ შეხვედრამდე!
სიყვარულით, შენი თოვლის ბაბუა.
ტექსტი 2
ჩემო საყვარელო «ბავშვის სახელი»! დიახ, თოვლის ბაბუა გწერ! არ მელოდი? ჩრდილოეთის მთებიდან გესტუმრე, რომ მოგილოცო ახალი 2023 წელი! გისურვებ ულევ სიხარულს, სიკეთესა და ბედნიერებას! ვიცი შენც ჩემსავით გიყვარს ახალი წლის დღესასწაული, ნაირნაირი ტკბილეულით პირის ჩატკბარუნება და ნაირფერი ფეიერვერკები!
იცი? ჩემმა ელფებმა მომახსენეს რაღაცეები შენი პატარა ცელქობების შესახებ და მინდოდა მეგობრულად გაგსაუბრებოდი. მითხრეს, რომ გასულ წელს ცოტაარიყოს ბევრს ცელქობდი, ზარმაცობდი და ოჯახის წევრებს არ უჯერებდი. ჩემო «ბავშვის სახელი», შენ ხომ ასეთი ჭკვიანი ხარ, დარწმუნებული ვარ იცი, როგორ უყვარხარ ყველას, ვინც შენს გარშემოა და ისიც იცი, რომ შენთვის მხოლოდ კარგი უნდათ. ზოგჯერ ცელქობა სახალისოა, (მეც ვცელქობ ხანდახან) მაგრამ არა მაშინ, როდესაც შენი საყვარელი ადამიანები ნერვიულობენ, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება მეტად გაითვალისწინო მათი რჩევები და შენიშვნები. ეჭვი არ მეპარება, რომ ახალ წელს ახალი შემართებით დაიწყებ და მომავალი წლისთვის ყველა შენს წარმატებებზე და კარგ ქცევებზე ისაუბრებს.
მინდა იცოდე, რომ ყველას ძალიან გვიყვარხარ, და შენი იმედი გვაქვს 🙂
სიყვარულით, შენი თოვლის ბაბუა.
ტექსტი 3
მოგესალმები ჩემო «ბავშვის სახელი»! ჩემო თბილო და ერთგულო მეგობარო! ვიცი, რომ მოუთმენლად მელოდი. გაკვირდებოდი მთელი წელი და გული უსაზღვრო სიხარულით მევსებოდა! ხან ჩემი ღუნღულა ჩიტუნიები, ხან ციყვები და ხანაც ჩემი უჩინარი გნომები მატყობინებდნენ შენს შესახებ ყველა სიახლეს და მინდა გითხრა, რომ წელს შენ ყველა მოლოდინს გადააჭარბე! უკვე იმხელა (გოგო/ბიჭი) ხარ! ისეთი მონდომებული და მიზანდასახული, რომ ჩემი დამხმარე ელფებისა და ფიფქიებისთვისაც კი ნამდვილად სამაგალითო და მისაბაძი ხარ! რა თქმა უნდა ხანდახან სირთულეებსაც შეხვდები ცხოვრებაში, მაგრამ არასდროს დაგავიწყდეს, რომ შენი შესაძლებლობები უსაზღვროა! მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოგივა! წარუმატებლობები კი მხოლოდ ტკბილ მოგონებებად გაგახსენდება მომავალში.
მიხარია, რომ ასეთი მონდომებით ემზადებოდი ახალი წლისთვის, შენი მშობლებიც ყოჩაღები არიან, კარგად მოგხმარებიან, მათ ხომ ასე ძალიან უყვარხარ! თქვენი მორთული სახლი და ნაძვის ხე ულამაზესია და სწორედ მის ქვეშ გიტოვებ შენს დამსახურებულ საჩუქარს!
ჩემო «ბავშვის სახელი», გილოცავ ახალ 2023 წელს! გისურვებ წარმატებებს, ბედნიერ და მხიარულ თავგადასავლებს და რაც მთავარია არ დაგავიწყდეს იყო მუდამ ბეჯითი, კეთილი და მეგობრული. მომავალ შეხვედრამდე.
უდიდესი სიყვარულით – შენი თოვლის ბაბუა.
ტექსტი 4
მოგესალმები ჩემო ძვირფასო მეგობარო! ჩემო «ბავშვის სახელი»! დიახ, დიახ! თოვლის ბაბუა გწერს! ვწუხვარ, რომ შენთან პირისპირ შეხვედრა ვერ მოვახერხე. ვიცი, რომ მოუთმენლად მელოდი, მაგრამ იმედი მაქვს გამიგებ! უთვალავი საჩუქარი მაქვს დასარიგებელი შენნაირი კარგი ბავშვებისთვის, ამიტომ გადავწყვიტე წერილი დამეტოვებინა. ვიცი რომ, შენც ჩემსავით გიყვარს ახალი წელი, ნაძვის ხის მორთვა და პირის ჩატკბარუნება ნაირნაირი ტკბილეულით. მე ყველაზე ძალიან გოზინაყი და ჩურჩხელები მიყვარს და ხანდახან ძალიან ბევრი რომ არ მომივიდეს, ფიფქია მიმალავს კიდეც. შესაძლოა შენც გყავს ასეთი ფიფქია სახლში, სახელად დედიკო.
ჩემო «ბავშვის სახელი» !მთელი წლის მანძილზე ყურადღებით გაკვირდებოდი და მინდა გითხრა, რომ ნამდვილად ძალიან ყოჩაღი და საამაყო ხარ! ალბათ გსმენია,
რომ ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია! ახალი წლიდან შეგვიძლია გავაკეთოთ უამრავი ახალი რამ და ჩვენი სურვილები რეალობად ვაქციოთ! ერთ საიდუმლოს გაგანდობ, იცი? ყველა ადამიანს აქვს ჯადოსნობის ძალა! ყველაზე დიდი ჯადოქრობა კი იცი რა არის? სიკეთე! ამიტომ იყავი ყოველთვის კეთილი და ეცადე გააბედნიერო გარშემომყოფთა გულები!
«ბავშვის სახელი» გილოცავ დამდეგ 2023 წელს, გისურვებ წარმატებებს და ულევ სიხარულს! მუდამ გახსოვდეს რომ შენ უსაზღვრო შესაძლებლობები გაქვს!
დიდი სიყვარულით, შენი თოვლის ბაბუა!
ტექსტი 5 (1 წლამდე პატარებისთვის)
ჩემო პაწაწინა «ბავშვის სახელი»! ჩემმა ულამაზესმა ფიფქიებმა მამცნეს, რომ წლევანდელი ახალი წელი კიდევ უფრო სასიხარულო და ბედნიერებით აღსავსეა, რადგან კიდევ ერთი თვალებციმციმა პატარა ანგელოზი შეემატა სამყაროს შენი სახით! შენ ჯერ ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცი, მაგრამ არ შემეძლო, რომ არ მომეწერა და არ მომელოცა ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, შენი პირველი ახალი წელი! მე თოვლის ბაბუა ვარ, ყველა კარგი და დამჯერი ბავშვის მეგობარი, მესაიდუმლე და ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, მათი სანუკვარი სურვილების ამსრულებელი!
«ბავშვის სახელი» მინდა მოგილოცო დამდეგი 2023 წელი და გითხრა, რომ შენმა დაბადებამ უდიდესი სიხარულით და სიყვარულით აავსო თითოეული შენი ოჯახის წევრის და მათ შორის ჩემი გულიც! შენი არსებობა ათბობს და ალამაზებს მათ ცხოვრებას! გისურვებ ბედნიერ და ლაღ ბავშვობას! მომავალში ჩვენი კარგი მეგობრობის იმედი მაქვს. ცოტა რომ წამოიზრდები, შენც მომწერ წერილებს და გამანდობ შენს სურვილებს, მანამდე კი შენი ულამაზესი დედიკო იქნება ჩვენი შუამავალი.
უდიდესი სიყვარულით, შენი თოვლის ბაბუა!
ტექსტი 6
გამარჯობა «ბავშვის სახელი» ჩემო პატარა მეგობარო, როგორ ხარ? მთელი წელია მოუთმენლად ვუცდი, იმ ჯადოსნური ღამის დადგომას, რომელსაც ახალი წლის ღამე ჰქვია და აჰა ეს ღამეც დადგა. ჩემი ელფები მარხილში ირმებს აბამენ და საჩუქრებით ავსებენ ხურჯინს, მე კი ვზივარ და გწერ, რომ გახარო – სულ ცოტა ხანში შენთან ვიქნები. მელოდები? იცი, რომ სულ გიყურებ? მართალია შენ ვერ მხედავ, მაგრამ მე შენთან ვარ. თვალს გადევნებ და ვაკვირდები, როგორ ვითარდები. ზუსტად ამიტომაც ვიცი, რომ წინა წელთან შედარებით ძალიან გაიზარდე, დაჭკვიანდი და მშობლებსაც ნაკლებად აბრაზებ… შენში ნელ-ნელა იღვიძებს ის დიდი ადამიანი, რომელიც ყველა სურვილს აისრულებს, რომელიც ყველაზე ძლიერი იქნება და ყველა დასახულ მიზანთან მივა. ამაში სკოლა დაგეხმარება. ბევრი სწავლა და მეცადინეობა.
მიხარია, რომ უკვე შეაღე საკლასო ოთახის კარი და ფუმფულა სათამაშოები წიგნებით ჩაანაცვლე. იცოდე, შესაძლოა ცოტას ნერვიულობ, რადგან ეს ყოველივე ახალი და უცხოა შენთვის, თუმცა არ შეშინდე, რადგან შენ ის ხარ, ვინც ყველა სიძნელეს გაუმკლავდება და უდიდეს წარმატებას მიაღწევს. ასაკის მატებასთან
ერთად უამრავ სიახლეს და გამოწვევას შეხვდები. ეს ყველაფერი კი, შენში სიბრძნეს, სიმშვიდეს და სიხარულს დაბადებს. პირობა მომეცი, რომ არ იზარმაცებ და შენი წარმატებით ყველას გაგვახარებ. გილოცავ ახალ 2023 წელს! გახსოვდეს მუდამ, შენ ყველაფერს შეძლებ.
ტექსტი 7
როგორც იქნა დავამთავრე ჩემი ყოველდღიური საქმეები და ჩამოვჯექი შენთვის წერილი რომ მომეწერა. როგორ ხარ? ვიცი, რომ ხშირად გახსენდები, რადგან შენ გჯერა სასწაულების და მოუთმენლად ელოდები ამ ჯადოსნური ღამის დადგომას .
მე გისურვებ ამ წელს აგისრულდეს ყველა შენი სურვილი და ჩანაფიქრი! ეს რომ ასე მოხდეს ჩემო «ბავშვის სახელი», აუცილებლად დაეხმარე მათ, ვისაც ძალიან უყვარხარ. იყავი კეთილი, გამგები, მოსიყვარულე. გახსოვდეს, სამყაროს რასაც გაუგზავნი, იმას დაგიბრუნებს უკან, ამიტომ უნდა იყო კეთილი და მეგობრული.
ჩემმა ელფებმაც მოგიკითხეს , ისინი ცოტა დაკავებულები არიან – დიდ ნაძვის ხეს რთავენ. იცი ? მათ ერთი საიდუმლო გამიმხილეს შენზე და ცოტა უკმაყოფილო ვარ. მითხრეს, რომ «ბავშვის სახელი» ძალიან დიდ დროს ატარებს გაჯეტებთანო. ჩემო მეგობარო, ეს არ არის კარგი, რადგან ტელეფონში ზედმეტად გატარებული დრო შენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მე გირჩევ, რომ უფრო მეტი დრო დაუთმო მეგობრებს, ოჯახის წევრებს, მეტი კომუნიკაცია გქონდეს მათთან .
მინდა დამპირდე, რომ 2023 წლის განმავლობაში შენ ამას გამოასწორებ , ჩემი ელფები კი ჩუმჩუმად გითვალთვალებენ და აუცილებლად შემატყობინებენ. პირობას თუ არ დაარღვევ, გპირდები, რომ მომავალი წლის საჩუქარი უფრო გრანდიოზული იქნება.
გილოცავ ახალ 2023 წელს!